კობახიძე ევროკავშირს პოლიტიკური დონის ღია დიალოგს სთავაზობს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირისთვის მკაფიო და მარტივი შეთავაზება აქვს: დიალოგის დაწყება. მისი თქმით, ეს დიალოგი პოლიტიკურ დონეზე უნდა წარიმართოს და ქართული საზოგადოებისთვის ღია და საჯარო უნდა იყოს. პრემიერმა ეს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირთან ურთიერთობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
კობახიძის განმარტებით, ნოემბერში გაფართოების ანგარიშისგან ახალს არაფერს ელიან, რადგან ევროკომისიის მიდგომებში არსებით ცვლილებას ვერ ხედავენ.
„ალბათ, მსგავსი იქნება ახალი ანგარიშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა. ხედავთ, რომ არის ორმაგი სტანდარტები, უსამართლო დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხარო რეალობაა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას. მისი განმარტებით, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებენ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, დიალოგი პოლიტიკურ დონეზე დაიწყოს. მეორე პრინციპულ საკითხად მან ის დაასახელა, რომ დიალოგი და დისკუსია ქართული საზოგადოებისთვის ღია და საჯარო უნდა იყოს.
კობახიძემ ეს შეთავაზება აბსოლუტურად იდეალურად შეაფასა და თქვა, რომ დიალოგის გარეშე ვერც ერთი საკითხი ვერ გადაწყდება. მისი თქმით, არ იციან, რატომ არ შეიძლება მათ შეთავაზებას დადებითი პასუხი მოჰყვეს. პრემიერის შეფასებით, თუ ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი არსებობს, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები შეთავაზებას იოლად უნდა დაეთანხმონ, რადგან დიალოგს მინუსი არ შეიძლება ჰქონდეს.











