გეგელია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადად გაჩერებულია და რუსული მიზანი შესრულებულია

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზის მოსპობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში „რუსული მიზანი შესრულებულია“.
გეგელიას შეფასებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია „შეუქცევადად გაჩერებულია“. ოპოზიციონერი პროცესის აღდგენის ერთადერთ გზად „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და კურსის ცვლილებას მიიჩნევს.
„რეჟიმმა აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არავითარი ევროპული ინტეგრაცია აღარ არსებობდეს. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის რუსული მიზანი შესრულებულია, რადგან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადად დაზარალებული და გაჩერებული. ერთადერთი, რაც პროცესის აღდგენას შეუწყობს ხელს, არის რეჟიმის და კურსის შეცვლა. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ ყველა რეფორმის განხორციელება, რაც ადეკვატურ სახელმწიფოდ გადააქცევს საქართველოს; სწრაფი ტემპით ისევ ევროპული კავშირისკენ წასვლა და ნდობის აღდგენაზე ზრუნვა, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ხელაღებით გააჩანაგა და მოსპო“, - განაცხადა გეგელიამ.











