პოლიტიკა

ივანიშვილი: გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები გადალახულია

ივანიშვილი: გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები გადალახულია

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე ბიძინა ივანიშვილმა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები შეაჯამა. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მან აღნიშნა, რომ „პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული“.

განცხადებაში წერია, რომ გორგასლის ოფისში გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომას საბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განახლდა: მისი წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა. ორივე სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.

პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ