რუბიო: უკრაინაში მიმდინარე ომში არავინ იმარჯვებს, სანქციების პაუზა დიპლომატიის შანსს უკავშირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში არავინ იმარჯვებს: ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, ხდება აფეთქებები და ნადგურდება ყველაფერი.
რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დაღუპულთა რაოდენობაზე არაერთხელ საუბრობდა და აცხადებდა, რომ ამ ომში ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება.
სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ტრამპმა სანქციები 60 დღით შეაჩერა. „ტრამპმა სანქციები 60 დღით შეაჩერა, რადგან სურს გაარკვიოს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები რაიმე პოზიტიურ შედეგამდე მივიდეს და თავიდან იქნას აცილებული ომისა და კონფლიქტის კიდევ ერთი დამანგრეველი წელი”, - განაცხადა რუბიომ.
ჟურნალისტმა ჰკითხა, კონკრეტულად რა მტკიცებულება აქვს აშშ-ს იმისა, რომ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა. რუბიომ უპასუხა: „რა მტკიცებულებები? ეს ხომ სისხლის სამართლის საქმე არ არის; საქმე დიპლომატიას ეხება. დიპლომატიაში მცდელობას არ წყვეტ. სამწუხაროდ, როდესაც საქმე ასეთი ტიპის კონფლიქტებს ეხება, რომლებიც საკმაოდ რთულია და ხშირად ჩიხშია შესული, ვერცერთი მხარე არ აღწევს მკაფიო გამარჯვებას, თუმცა ორივე მხარე ერთმანეთს უზარმაზარ ზიანს აყენებს. ჩვენ კი, გავაგრძელებთ მცდელობას, რამდენადაც ეს შესაძლებელია”.
რუბიოს სთხოვეს კომენტარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომ აშშ-მა მიმდინარე კვირის დასაწყისში სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პროცესი შეაჩერა. მისი სიტყვებით: „არ ვიცი, საიდან იღებს ის ამ ინფორმაციას, ან რატომ საუბრობს ამაზე პრესასთან. არანაირი შეჩერება არ ყოფილა. ზელენსკი ამ ომის დასრულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული”.











