პოლიტიკა

კობახიძე: მდინარაძის მიმართ სამართლებრივი პროცესის მოლოდინის საფუძველი არ არსებობს

კობახიძე: მდინარაძის მიმართ სამართლებრივი პროცესის მოლოდინის საფუძველი არ არსებობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სუს-ის ყოფილ უფროსთან, მამუკა მდინარაძესთან მიმართებით სამართლებრივი პროცესის მოლოდინს არავითარი საფუძველი არ აქვს. მისივე თქმით, თუ ამბობს, რომ საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, მოლოდინიც ისაა, რომ ასეთი პროცესი არ უნდა ველოდოთ.

კობახიძემ ეს ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, გუნდში დღეს ყველა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის მამუკა მდინარაძეზეც.

„მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული. კითხვები ისმება ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. მე მგონი, არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდან გასული. მე ვერ ვხედავ ამისთვის საფუძველს“, - თქვა კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, საკითხზე საუბარი იყო, თუმცა საჯაროდ ამ თემაზე საუბარს, როცა ადამიანი პოლიტიკიდან გასულია, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მისი თქმით, განხილვისას შეეხნენ იმ ფაქტსაც, რომ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირი პოლიტიკიდან გავიდა და ამასთან დაკავშირებით ძალიან ზოგადი კომენტარი გაკეთდა.

მდინარაძესთან კომუნიკაციაზე კობახიძემ განაცხადა, რომ მას პერიოდულად ინარჩუნებს და დასძინა: „მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი“.

როდესაც ჰკითხეს, დღესაც მეგობრები არიან თუ არა, კობახიძემ უპასუხა: „ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ, უბრალოდ“. მისი თქმით, ასეთი შეკითხვა არ უნდა დაისვას პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ. კობახიძემ დაამატა: „მეგობრობის დღიური“ შევავსოთ მერე, როდესაც პოლიტსაბჭოს შეხვედრა არ გვექნება“.

კობახიძეს ასევე ჰკითხეს „ქართული ოცნების“ წევრ დიტო სამხარაძის პოსტზე, სადაც, შეკითხვის ავტორის თქმით, მდინარაძის გვარი იკითხებოდა, და ეკითხებოდნენ, მოსალოდნელია თუ არა მის მიმართ სამართლებრივი პროცესი. პრემიერმა უპასუხა: „ვინ რა ამოიკითხა, არ ვიცი. რაც შეეხება თქვენ მინიშნებას, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს, შემიძლია გითხრათ“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ