კირცხალია: ივანიშვილმა სხდომებზე ყველაზე მეტი კობახიძეზე ისაუბრა და ყველა სიტყვა საქებარი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ხმებზე, თითქოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გადადგებოდა ან მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდნენ.
კირცხალიას განმარტებით, როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე უმრავლესობის სხდომაზე კობახიძეზე საუბარი მართლაც იყო. პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მასზე ბევრი ისაუბრა, თუმცა ყველა სიტყვა საქებარი იყო. კირცხალიას თქმით, გუნდი უერთდება ივანიშვილის პოზიციას და მხარს უჭერს კობახიძეს.
„ნამდვილად იყო საუბარი ბატონ პრემიერზე, მათ შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ნამდვილად ბევრი ისაუბრა მასზე, მაგრამ, აბსოლუტურად ყველა სიტყვა იყო საქებარი მის მიმართ. რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან, მისი მეთაურობით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ, აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მეტი დრო დაუთმო მასზე საუბარს და ეს საუბარი იყო მხოლოდ ირაკლი კობახიძის შექება.
როდესაც ასეთი მოცემულობაა და ყველა ხედავს, თუ როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.









