პოლიტიკა

კობახიძე: სარჩელის წარმდგენები სავარაუდოდ პარლამენტის წარმომადგენლები იქნებიან

კობახიძე: სარჩელის წარმდგენები სავარაუდოდ პარლამენტის წარმომადგენლები იქნებიან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე კონკრეტული პირების დასწრების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას თავად სასამართლო იღებს და ეს მისი პრეროგატივაა.

კობახიძემ ეს სიტყვები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე თქვა, რომელიც ითხოვს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაიყვანონ, სადაც პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებენ. პრემიერის თქმით, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

კითხვაზე, ვინ იქნება სარჩელის წარმდგენი, კობახიძემ უპასუხა, რომ სავარაუდოდ, პარლამენტის წარმომადგენლები, რადგან სარჩელი პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი.

„რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ადამიანები, რომლებიც სარჩელს წარადგენენ, უნდა იყვნენ ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები, ვინაიდან პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კონკრეტულად ვინ იქნება წარმომადგენელი, ამაზე მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

სასამართლოსგან მოლოდინზე და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე პრემიერმა თქვა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

„ამას მე ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს სარჩელი, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. როდესაც კონკრეტულ სუბიექტს სასამართლოში სარჩელი შეაქვს, მის ინტერესებშია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შედის და ასე დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. დანარჩენი მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ