WSJ: პუტინმა ტრამპსა და სი ძინპინს უკრაინის საკითხზე სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, მომავალ თვეს შეხვდნენ ერთმანეთს და უკრაინის საკითხი განიხილონ. ამის შესახებ Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების თქმით, მიზანი ოთხწლიანი კონფლიქტის დასრულებაზე ისეთი შეთანხმების მიღწევაა, რომელიც მოსკოვის ინტერესებს მოემსახურება. გამოცემა წერს, რომ გეგმა პუტინის მცდელობაა, ისარგებლოს მასა და ტრამპს შორის ურთიერთობების დათბობით. ეს შეშფოთებას იწვევს უკრაინასა და მის მოკავშირეებში, ვაშინგტონშიც და ევროპაშიც.
Wall Street Journal-ის შეფასებით, „ასეთი სამიტი - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობის გარეშე - უპრეცედენტო იქნება და ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების დედაქალაქებში განგაშის ზარებს დარეკავს“.
წყაროების ცნობით, პუტინმა წინადადება ტრამპთან 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას წამოაყენა. კრემლმა სამმხრივი დიალოგის გამართვა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მოახლოებული სამიტის ფარგლებში შესთავაზა. სამიტი 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენშია დაგეგმილი.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გამოცემას დაუდასტურა, რომ შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, „ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა თავად შეხვედრის ან მისი სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე უშვებს ასეთი შეხვედრის გამართვის ჰიპოთეტურ შესაძლებლობას“.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპს ასეთ სამიტზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია, თუმცა იდეა შესაძლოა მისთვის მისაღები იყოს.











