სამადაშვილი: პარტიების აკრძალვა კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ქართული ოცნების“ გუშინდელ სხდომასა და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ დაგეგმილ განხილვებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს დიდი დანაშაულის წინ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების გასამხნევებლად კომფორტის ზონიდან გამოსვლა, უმრავლესობის სხდომის უშუალოდ ჩატარება და გუნდისთვის იმის შეძახება დასჭირდა, რომ ამ დანაშაულზე წასვლა არ შეეშინდეთ.
სამადაშვილის თქმით, „მათ კარგად იციან, რომ წინ ელოდებათ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმისთვის, რასაც დღეს ივანიშვილი ამზადებს ქართული სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ“.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა რეალურად „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოში კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით. სამადაშვილი ამბობს, რომ ამას ორი შედეგი ექნება: საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე დაკარგავს საკუთარი წარმომადგენლის არჩევის უფლებას, პოლიტიკური არჩევანის უფლება კი ქვეყანაში გაუქმდება; ამავე დროს, საბოლოოდ დაიკეტება საქართველოსთვის ევროპის კარი, რაც კონსტიტუციურ წესრიგს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
პოლიტიკოსის შეფასებით, ამხელა დანაშაულისთვის მზადებისას ივანიშვილის გუნდში სერიოზული შიდა რყევებია. მაგალითად, მან საკონსტიტუციო სასამართლოდან წასული ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეგობარი და მოკავშირე დაასახელა და თქვა, რომ ეს აჩვენებს, რამდენად მწვავედ დგას საკითხი.











