პროკურატურამ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფური ძალადობის ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს, ვახტანგ ჟვანიას (ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, სამივე მათგანი ფიზიკურად გაუსწორდა დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ედებათ. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.









