ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე გაავრცელებულ განცხადებაში აცნობა.
ყეინიშვილის თქმით, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს.
განცხადებაში წერია: „კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის“. ყეინიშვილი ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში მისი სტატუსი არააღმასრულებელი იყო და აღმასრულებელი მართვის მანდატი არ ჰქონია.
მან ასევე აღნიშნა, რომ პატივს სცემს ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.
გენერალურმა პროკურატურამ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების თანახმად, ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს. ამ საწარმოების წილები მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. იმავე განცხადებების მიხედვით, ყეინიშვილი ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლასა და ამ გზით საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ცდილობდა.
პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა გამოძიების დასრულებამდე ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება მიიღო.









