სამართალი

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში ორი ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

სოფელ ლამბალოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 5 ნოემბერს, ორი ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა სამი ძმის მკვლელობა. მან რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი სამხედრო დანიშნულების საბრძოლო ვაზნებით რამდენჯერმე ესროლა ძმებს. ორი მათგანი ცეცხლნასროლი ჭრილობებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მესამე ძმას კი ნასროლი ტყვიები ასცდა. სროლის შედეგად საფრთხე შეექმნა ძმებთან ერთად მყოფი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა. ეს არის ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. ეს სასჯელის სახით ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ