სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული გამოიცა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული გამოსცა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო კრებული გამოიცა. გამოცემის ინიციატორი და წინასიტყვაობის ავტორი სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაა. ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა.

წიგნისთვის მასალები და ილუსტრაციები მოიძია, ვრცელი სამეცნიერო კვლევა დაურთო და გამოსაცემად მოამზადა სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ.

კრებულში წარმოდგენილია საკონსტიტუციო კონტროლის შესახებ 1990-იანი წლების საარქივო მასალები, პუბლიცისტური წერილები, ქართველი იურისტების სამეცნიერო სტატიები, ინტერვიუები და ილუსტრაციები. გამოცემაში ასევე შესულია პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კონსტიტუციის პროექტები, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონების თავდაპირველი რედაქციები და მასალები სასამართლოს პირველი შემადგენლობის განწესებისა და მოსამართლეთა მიერ 1996 წლის 24 ივლისს ფიცის დადების შესახებ.

ბექა ქანთარიას კვლევაში თანმიმდევრულად არის წარმოჩენილი საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის განვითარების ეტაპები. განხილულია XIX საუკუნის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ცნობები საკონსტიტუციო კონტროლის შესახებ და საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული შეხედულებები, მათ შორის დამფუძნებელი კრების წევრისა და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი გვაზავას მოსაზრებები. წიგნში დასაბუთებულია, რომ გვაზავა იყო პირველი ქართველი იურისტი, რომელიც საკონსტიტუციო კონტროლის შემოღებას უჭერდა მხარს.

კვლევაში ასევე აღწერილია 1990-1996 წლებში საკონსტიტუციო კონტროლის შესახებ არსებული დისკურსი, განხილულია საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების კონსტიტუციური სტატუსი და მათი საქმიანობის თავისებურებები, მათ შორის საბჭოთა პერიოდში. ცალკე ყურადღება ეთმობა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 1996 წლის საქმიანობას.

კრებულის მეორე ნაწილში ცნობილი იურისტების ნაშრომებია სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. მათ შორის არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი მათიას გიომარი, ამავე სასამართლოს მოსამართლე და IV სექციის პრეზიდენტი ლადო ჭანტურია, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე და პროფესორები მერაბ ტურავა, ლევან იზორია, გიორგი ხუბუა და ზურაბ ძლიერიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, კრებულის მიზანია საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის ისტორიის მეცნიერული გააზრება, ეროვნული სამართლებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენა და ქართული იურიდიული მეცნიერების განვითარებაში წვლილის შეტანა. ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის „ივერიელში“.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ