სამართალი

ნანა სანდერი ციხიდან გამოვიდა: „13-თვიანი წამება დასრულდა“

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ სანდერმა განაცხადა: „დასრულდა 13 - თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულისწყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევე ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 - ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებით და ასაკოვანი ხალხით, 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა“.

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სანდერს ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. ეს მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას ბრალი ასევე სსსკ-ის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი. ეს არის მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ