სპორტი

ქსკ „ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე უარს ამბობს, სანამ ძალადობა რეაგირების გარეშე რჩება

ქსკ „ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე უარს ამბობს, სანამ ძალადობა რეაგირების გარეშე რჩება

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ აცხადებს, რომ „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშს არ აპირებს, სანამ ძალადობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. განცხადება კლუბმა 7 ნოემბერს გაავრცელა.

„ლანჩხუთის“ მტკიცებით, „ნიკე-ლუსოსთან“ თამაში ძალადობის ნორმალიზებას და თუნდაც ირიბად, მის მხარდაჭერას ნიშნავს. კლუბი წერს: „სანამ ძალადობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება“. ამავე დროს, „ლანჩხუთი“ აღნიშნავს, რომ არავის მოუწოდებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ.

კლუბი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს პროტესტის მიზეზი მთავარი მეტოქის დისკვალიფიკაციის გზით ჩემპიონობის მოპოვებაა. „ლანჩხუთის“ განცხადებით, თუ მთავარი მეტოქის სანქცირების შედეგად ის საქართველოს ჩემპიონი გახდება, ოფიციალურად განაცხადებს ჩემპიონის ტიტულზე უარს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მოსთხოვს.

„როდესაც სასწორზე დგას სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული გოგოს უფლებები, ღირსება და მომავალი, ნებისმიერი სპორტული ტიტული მეორეხარისხოვანია“, – წერს კლუბი. მისი თქმით, მიზანია დაზარალებულის მხარდაჭერა და ისეთი საფეხბურთო გარემოს შექმნა, სადაც ყველა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

„ლანჩხუთი“ განმარტავს, რომ პროტესტი სხვა გუნდებს არ ეხება. მაყურებელს 8 ნოემბერს ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ელოდებიან, სადაც ქსკ „ბათუმს“ დაუპირისპირდებიან. კლუბი დაპირდა, რომ უახლოეს დღეებში პროტესტის მიზნებს, ხანგრძლივობასა და მოლოდინებს დეტალურად გააცნობს.

„ნიკე-ლუსოსთან“ მატჩზე უარი „ლანჩხუთმა“ პირველად 29 სექტემბერს თქვა: თამაშის ოფიციალურად დაწყების შემდეგ მოედანზე საპროტესტო ბანერი გაშალა და მატჩი ჩაშალა. პროტესტი კლუბთან დაკავშირებულ ძალადობის შემთხვევებსა და ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეს უკავშირდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 22 სექტემბერს „ნიკე-ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა და მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა. უიარი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ფეხბურთელთან ძალადობრივი სექსუალური კავშირი არ ჰქონია. საქმეზე ის დაახლოებით ცხრა თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. უიარმა კლუბი „ნიკე“, რომელიც მოგვიანებით „ნიკე-ლუსო“ გახდა, 2024 წელს შეიძინა.

ქალ ფეხბურთელთა გასახდელებში ვიდეოკამერების აღმოჩენის შემდეგ აუდიტის სამსახურმა შპს „ნიკე“ 4 000 ლარით დააჯარიმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ