ფიცო: სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმი რომ არ გაყალბებულიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი, რომელიც ქვეყანაში 2003 წელს ჩატარდა, გაყალბების გარეშე წარმატებული ვერ იქნებოდა. ეს მან „სოციალ-დემოკრატიული სკოლის“ გახსნის ღონისძიებაზე თქვა.
„როდესაც სლოვაკეთი 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა, ქვეყანაში დიდი ენთუზიაზმი იყო. ჩვენ რეფერენდუმი ჩავატარეთ, რომელიც რომ არ გაყალბებულიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა. ეს უნდა ითქვას“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
ფიცოს თქმით, „შესაძლოა, აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებლად, შედეგების შესწორება მოხდა“.
„რეფერენდუმის შედეგი იმდენად ახლოს იყო, რომ, ჩემი აზრით, გარკვეული შესწორება შეიტანეს, რათა შედეგი ისეთი ყოფილიყო, როგორიც საჭირო იყო, რათა სლოვაკეთის რესპუბლიკას ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობა მიეღო“, - აღნიშნა მან.
ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმში მონაწილეთა 93.7%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა აქტივობა 52.12% იყო. ეს სლოვაკეთის ისტორიაში ერთადერთი რეფერენდუმია, როდესაც აქტივობამ 50%-იან ზღვარს გადააჭარბა.











