სამართალი

ლამბალოში გადარჩენილი ძმა: მანქანიდან სროლა დაიწყეს, ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ

სოფელ ლამბალოში, ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალებს ჰყვება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ცნობილი გახდა. მოვლენა სამი ძმიდან ერთადერთმა გადარჩენილმა ძმამ, ელმან უსუფოვმა გაიხსენა.

უსუფოვის თქმით, დაახლოებით 17:00 საათისთვის ის ორ ძმასთან და კლასელთან ერთად ფეხით მიდიოდა. ამ დროს მანქანა გაჩერდა და მათი მიმართულებით სროლა დაიწყო. უსუფოვი ამბობს, რომ თავად მანქანას მოეფარა, მისი ძმები კი რამდენჯერმე დამიზნებით ესროლეს და ადგილზე მოკლეს.

„4 ვიყავით - სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა“, - განაცხადა ელმან უსუფოვმა.

მკვლელობის მიზეზის შესახებ ზუსტი პასუხი მას არ აქვს. განიხილება ერთადერთი ვერსია, რომელიც რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს უკავშირდება. მოკლულთა ნათესავების თქმით, სავარაუდო მკვლელის ძმამ უსუფოვების დისშვილი მოიტაცა. გოგო ოჯახმა უკან დააბრუნა, რის შემდეგაც მოტაცებელი ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება გრძელდება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ