თამაზაშვილი პენიტენციურ სამსახურს: ღარიბაშვილის მიმართ განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისთვის გათვლილი წესები გამოიყენება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ღარიბაშვილს სჯიან, განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებზე ვრცელდება.
თამაზაშვილი ჩამოთვლის, ვის მიმართ მოქმედებს ეს წესები: პირები, რომლებმაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინეს (მაგალითად, მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი); უვადო თავისუფლების აღკვეთმისჯილი მსჯავრდებულები; დანაშაულის რეციდივის მქონე პირები, ანუ წარსულში არაერთგზის ნასამართლევები; პატიმრები, რომლებიც სხვა, მაგალითად ნახევრად ღია ტიპის ციხეში რეჟიმს არღვევდნენ, აგრესიას ავლენდნენ, კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები იყვნენ ან გაქცევის მაღალი საფრთხე არსებობდა.
მისი განმარტებით, სასამართლოს ღარიბაშვილისთვის დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა არ მიუსჯია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის დახურული ტიპის დაწესებულების პატიმრად ითვლება, სამარტოო საკანში ყოფნაა.
თამაზაშვილი წერს, რომ გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ღარიბაშვილის მიმართ — წესებს, რომლებიც საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად არის შემუშავებული. მან პენიტენციურ სამსახურს კიდევ ერთხელ მოუწოდა, იყონ ჰუმანურები, არ მანიპულირონ თავად დადგენილი წესებით და პატარა ბავშვებს მამა აჩვენონ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს ღარიბაშვილი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. უწყებაში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების დებულების მიხედვით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს და ეს ლიმიტები სრულად აქვს ათვისებული.
რაც შეეხება წახალისების სახით დამატებით პაემანს, უწყების თქმით, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ინიშნება. თუმცა, როგორც სამსახური აცხადებს, „ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება“.
სტატიაში მოხსენიებული პირები











