პოლიტიკა

ფარულავა: ინიციატივა აზარტული ბიზნესის სრულ აკრძალვას არ ითვალისწინებს, მიზანი „მონაკოს მოდელზე“ გადასვლაა

ლაშა ფარულავა - ჩვენი ინიციატივა აზარტული თამაშების ბიზნესის სრულ აკრძალვას არ ითვალისწინებს - სათამაშო ბიზნესი სრულად უნდა ორიენტირდეს ტურისტულ ბაზარზე, ხოლო მოქალაქეებისთვის ონლაინ და ფიზიკურ კაზინო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინიციატივა აზარტული თამაშების ბიზნესის სრულ აკრძალვას არ ითვალისწინებს. ამით ის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო პაკეტს ეხმაურება, რომელიც საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების გამართვას ითვალისწინებს.

ფარულავას თქმით, მიზანი სექტორის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია და „მონაკოს მოდელზე“ გადასვლაა. ამ მიდგომით, სათამაშო ბიზნესი სრულად საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე უნდა ორიენტირდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ კაზინოებში თამაში მკაცრად უნდა შეიზღუდოს.

მისი განმარტებით, საქმე მხოლოდ ლუდომანიის პრობლემას კი არ ეხება, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მანკიერ მოდელსაც. ფარულავა „საქსტატის“ ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა: 2025 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბიზნესსექტორის მთლიანი ბრუნვის 34.8%-ია. ქვეყნის უმსხვილესი ბრუნვის მქონე ათი კომპანიიდან რვა აზარტული თამაშების სფეროში საქმიანობს.

სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფარულავა წერს, რომ სტატისტიკით, საქართველოს მილიონამდე მოქალაქეა აზარტულ თამაშებში ჩართული, დაახლოებით 400 ათასი კი კლინიკური დამოკიდებულების ზონაშია. მისი თქმით, შედეგად ინგრევა ოჯახები და იზრდება სუიციდის შემთხვევათა სტატისტიკა.

ფარულავა მონაკოს მოდელს იმის მაგალითად ასახელებს, რომ შესაძლებელია სათამაშო ინდუსტრიის ტურისტული პოტენციალის ათვისება ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კაზინოების მომხმარებლად არ იქცეს, ქვეყანამ კი გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების სახით მაქსიმალური ფინანსური სარგებელი მიიღოს.

მისივე სიტყვებით, ინიციატივა ვიწროპარტიულ ინტერესებს სცდება და ის ყველა დაინტერესებულ მხარეს ფართო საზოგადოებრივ დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ფარულავამ პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საპატრიარქოსა და პატრიარქ შიო მესამეს. „ჩვენი მიზანი ბიზნესის განადგურება არ არის. ჩვენ ვთავაზობთ რეგულირების ისეთ მოდელს, სადაც ინდუსტრია მოუტანს შემოსავალს სახელმწიფოს, ხოლო მოქალაქეებს შეუნარჩუნებს მომავალს და უზრუნველყოფს მათ სოციალურ დაცულობას“, - წერს ფარულავა.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და 73 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღეს. პროექტის განხილვას და დამტკიცებას ორი პლენარული სხდომა დაეთმო.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ