თბილისში წიგნების ბარმა „აუდიტორიამ“ რუსი პალეოანთროპოლოგის დრობიშევსკის ლექცია საქართველოს შესახებ განცხადებების გამო გააუქმა

თბილისში მოქმედმა რუსულენოვანმა წიგნების ბარმა „აუდიტორიამ“ რუსი პალეოანთროპოლოგის, სტანისლავ დრობიშევსკის გამოსვლა გააუქმა. მიზეზი საქართველოსა და თბილისის ისტორიასთან დაკავშირებით მისი განცხადებებია. ორგანიზატორებმა ისინი ზედაპირულად და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მიმართ უპატივცემულოდ შეაფასეს. ინფორმაცია „ნოვაია გაზეტა ევროპამ“ გაავრცელა.
ლექციის დაანონსების შემდეგ მომხმარებლებმა ყურადღება ძველ ვიდეოზე გაამახვილეს. მასში დრობიშევსკი ამტკიცებს, რომ „მთელი საქართველო საბჭოთა პერიოდში აშენდა“. ვიდეოში ის ასევე ამბობს: „მე სულ ახლახან ვიყავი თბილისში. მთელი ცენტრი საბჭოთა ხელისუფლების დროსაა აშენებული. იქ ყველა ყელყელაობს. იქ აქვთ მშვენიერი მუზეუმი, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. მთელი საქართველო საბჭოთა დროს აშენდა. აი ასე. მანამდე იქ რაღაც ქოხები იყო, ოღონდ ქვის, ხო, რაღაც ეგეთი, ცხვრებით. ხოდა, ყველაფერი საბჭოთა დროს ააშენეს — „საბჭოთა ოკუპაციაო“. ხოდა მას მერე ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი მიხატულ-მოხატულია, გაპარტახებულია. მაგრამ სამაგიეროდ, ოხრად თავისუფლები არიან…“
„აუდიტორიამ“ განაცხადა, რომ მეცნიერის წარმომადგენელს შესთავაზა ინტერვიუს მოწყობა საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ რუსულენოვან მედიასთან, რათა მას საკუთარი პოზიციის ახსნის შესაძლებლობა ჰქონოდა. საუბარი არ შედგა. ბარის თქმით, აკადემიური ლექციების თემა ამ სადავო განცხადებებთან კავშირში არ იყო, თუმცა ღონისძიების ჩატარება შეუთავსებლად ჩათვალეს აუდიტორიისა და საზოგადოების წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობასთან.
ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანის დევნას და საჯარო განცხადებების გამო მისი პროფესიული დამსახურებების უგულებელყოფას ეწინააღმდეგებიან. მათივე თქმით, ისინი არ მოუწოდებენ დრობიშევსკის ბოიკოტისკენ და სხვა ორგანიზატორებისგან ანალოგიურ ნაბიჯს არ ითხოვენ. გაუქმება მათი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც იმ ქვეყნის პატივისცემით მიიღეს, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ.
„აუდიტორია“ ვერაზე მდებარეობს და რუსულენოვან ემიგრანტებსა და ექსპატებზეა გათვლილი. ის აერთიანებს წიგნების მაღაზიას, ბარს, კაფესა და სამუშაო სივრცეს, სადაც რეგულარულად იმართება ლექციები, წიგნის კლუბის განხილვები და პოეზიის საღამოები.
დრობიშევსკი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ანთროპოლოგიის კათედრის დოცენტი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატია. ის ადამიანის ევოლუციაზე არაერთი პოპულარული წიგნის ავტორია. უკრაინული წყაროების ცნობით, მას ყირიმის ანექსიისთვის მხარი აქვს დაჭერილი.











