პენიტენციური სამსახური: ღარიბაშვილს პაემნის ლიმიტები სრულად აქვს ათვისებული

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს.
უწყების განმარტებით, დახურული ტიპის დაწესებულების დებულების მიხედვით, სადაც ღარიბაშვილია განთავსებული, მსჯავრდებულს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. ეს ლიმიტები მან სრულად ათვისებული აქვს.
დამატებითი პაემნის დანიშვნა წახალისების ფორმით პენიტენციური კოდექსის თანახმად დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ხდება. პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ „ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება“.
სამსახურის ინფორმაციით, ამ ფორმით დანიშნული პაემნით ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია, ამიტომ „დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა“.
უწყებას ამ საკითხზე განმარტება რამდენიმე თვის წინაც მოუწია, როდესაც ადვოკატმა განაცხადა, რომ დანიშნული პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ მაშინაც და ახლაც მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა, ამიტომ მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა.
სტატიაში მოხსენიებული პირები











