ტაიანი: პრორუსმა ჰაკერებმა პერსონალური მონაცემები დარქნეტში გაავრცელეს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი პრორუსი ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ტაიანის თქმით, ჰაკერებმა მისი პერსონალური მონაცემები მოიპოვეს და ე.წ. დარქნეტში გაავრცელეს. მინისტრის განმარტებით, თავდასხმა იტალიის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება.
„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია: ვერ დამაშინებენ. გავაგრძელებ მუშაობას ჩემი სამინისტროსა და იტალიის დასაცავად და ჩვენს მოკავშირეებთან კავშირებსა და თანამშრომლობას გავაძლიერებ, რათა ერთობლივად შევძლოთ თავის დაცვა. უკრაინის მიმართ ჩვენი პოზიცია ის პოლიტიკური მიზეზია, რის გამოც სამიზნე გავხდი: სუვერენული სახელმწიფოს თავისუფლების დაცვა, ქვეყნის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ამ კრიმინალებისთვის საშიშია“, - განაცხადა ტაიანმა.
მისივე თქმით, ჰაკერები მზად არიან, მის და მისი ოჯახის წევრების შესახებ დამატებით ინფორმაციაში თანხა გადაიხადონ.
Reuters-ის ცნობით, ტაიანის ფოტო „რუსეთის ფედერაციის მიმართ მტრულად განწყობილი მოქალაქეების სიაშია“. სიაში 18 პირია. ტაიანის გარდა მასში კიბერუსაფრთხოების ექსპერტებიც შედიან.











