თბილისი

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს, ზარალი 15 000 ლარს აღემატება

შსს - ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, პოლიციამ, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს. მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდება ეწყებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიების ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.

გამოძიების ფარგლებში ამოიღეს სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების ჩანაწერები, ასევე ჩანაწერები ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონიდან. სამინისტროს განმარტებით, ამით ბრალდებულთა ქმედება დასტურდება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულთაგან ორმა მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა კი, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.

არასრულწლოვნების ქმედებით სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 000 ლარზე მეტი ზარალი მიადგათ.

ოთხივე არასრულწლოვანი ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ