თბილისი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ძაღლების სამარხის შესახებ ინფორმაცია დეზინფორმაციაა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ძაღლების სამარხის შესახებ ინფორმაცია დეზინფორმაციაა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო „TV პირველისა“ და ცხოველთა დამცველების მიერ გავრცელებულ კადრებს დეზინფორმაციას უწოდებს. უწყების განცხადებით, „მიზანმიმართული კამპანია შეიცავს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას“. სააგენტოს თქმით, სამარხების თვითნებური გახსნა უკანონოა, ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.

განცხადებაში წერია, რომ დეზინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციასა და რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას ისახავს მიზნად. უწყებას განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიაჩნია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს იგი ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს. სააგენტოს შეფასებით, სამარხთან დაკავშირებული ვიდეომასალა და საზოგადოების ნაწილის თვითნებური ქმედებები თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას ისახავს მიზნად.

უწყება აცხადებს, რომ სამარხების თვითნებური გახსნა, ნეშტების ამოყრა და გადაადგილება არღვევს სანიტარიულ უსაფრთხოებას, ქმნის ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აზიანებს გარემოს. სააგენტოს თქმით, სამარხის გათხრაში მონაწილე მოქალაქეებმა საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ.

სააგენტოს განმარტებით, „პირველის“ ვიდეომასალაში ასახული პროცესი კანონმდებლობით სრულად დაშვებულია. სამარხი თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლადაა განკუთვნილი. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევის, უბედური შემთხვევისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად დაიღუპნენ. უწყების ცნობით, დედაქალაქში წელიწადში ევთანაზიით ასობით, ბუნებრივი სიკვდილით კი ათასობით ცხოველი იღუპება.

სააგენტო აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არასოდეს დაუმალავს და მისი საქმიანობისა და ცხოველთა მართვის პროცესების შესახებ მონაცემები საჯაროა, ხოლო დაინტერესებულ პირს მათი ოფიციალურ ვებგვერდზე გაცნობა შეუძლია. უწყების თქმით, ამის შესახებ კარგად იციან სწორედ იმ პირებმა, რომლებმაც საზოგადოებაში დაძაბულობისა და პანიკის დასათესად „ჩაიდინეს უკანონობა და გადათხარეს დაღუპულ ცხოველთა სამარხები“. სააგენტოს განცხადებით, ამ ადამიანებს თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ მისი სერვისით საკუთარი გარდაცვლილი ცხოველების დასამარხად.

სააგენტო ცილისწამებად მიიჩნევს მტკიცებას, თითქოს სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, და მას სრულ ტყუილსა და დეზინფორმაციას უწოდებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამარხების თვითნებურად გახსნისგან, ნეშტების ამოყრისგან და გადაადგილებისგან. სააგენტოს თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული „ვანდალური ქმედების“ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირების მოსახდენად მიმართა. საზოგადოებას ასევე სთხოვს, არ აჰყვეს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას დაეყრდნოს.

ცხოველთა დამცველები პეტიციას ავრცელებენ და პროკურატურას „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. „მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში სავარაუდოდ ჩანს, როგორ მარხავენ ძაღლებს ველის სასაფლაოზე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ