ბეჭდური მედია კალაძეს პრესის გავრცელების წერტილების გამოყოფას სთხოვს

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები თბილისის მერს, კახა კალაძეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. ისინი მერიისგან პრესის გავრცელების საკმარისი რაოდენობის წერტილების გამოყოფას ითხოვენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბეჭდურმა მედიამ საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და კრიტიკულ წლებში გადამწყვეტი როლი შეასრულა, რათა მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. ავტორების თქმით, ბეჭდური მედია დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი და მამოძრავებელი ძალა იყო და არის. ისინი მიიჩნევენ, რომ ონლაინმედიის განვითარების მიუხედავად, ბეჭდურ მედიას პროფესიონალიზმი და მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა არ დაუკარგავს, რაც „ფეიკნიუსებით“ გაჯერებულ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბეჭდური გამოცემები აცხადებენ, რომ არც საბიუჯეტო სუბსიდიებს და არც სხვა სახის ფინანსურ შეღავათებს არ ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, ერთი მხრივ, ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით სამართლიანობის პრინციპის დაცვა, მეორე მხრივ კი მკითხველისთვის პრესის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განცხადების მიხედვით, თბილისში თითზე ჩამოსათვლელი ადგილები დარჩა, სადაც მოქალაქეს პრესის შეძენა შეუძლია, ხოლო დედაქალაქის ბევრ უბანში მკითხველს ჟურნალ-გაზეთების გავრცელების წერტილის საპოვნელად ლამის კილომეტრების გავლა მოუწევს.
ავტორები იხსენებენ, რომ 15 წლის წინ არსებობდა დაპირება, რომ თბილისში გაზეთებისა და ჟურნალების გავრცელებასთან დაკავშირებული, ხშირად ხელოვნური ბარიერები მოიხსნებოდა, თუმცა საკითხი „მკვდარი წერტილიდან“ არ/ვერ დაიძრა. მათივე ინფორმაციით, პრესის გავრცელების დარჩენილ წერტილებს მერია სხვადასხვა მიზეზით აჯარიმებს და რამდენიმე უბანში სტენდების აღებას აპირებს.
ბეჭდური მედიის წარმომადგენლები კახა კალაძეს მოუწოდებენ, დაიწყოს ან განაახლოს მოლაპარაკებები ბეჭდური მედიისა და პრესის გამავრცელებლების წარმომადგენლებთან, რათა თბილისში პრესის გავრცელების საკმარისი წერტილები გამოიყოს. განცხადებაში წერია: „სასწორზეა უზარმაზარი ისტორიის მქონე მედიის გადარჩენა და ათეულ ათასობით მკითხველის ინტერესი.“ ისინი აღნიშნავენ, რომ მზად არიან გახსნილი, გამჭვირვალე და კონსტრუქციული დიალოგისთვის.
განცხადებას ხელს აწერენ გამოცემები: „თბილისელები“, „ახალი თაობა“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „სარკე“, „საერთო გაზეთი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ასავალ დასავალი“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ლელო“, „პლანეტა ფორტე“ და „მერკური“.
სტატიაში მოხსენიებული პირები











