თბილისი

ლილოში ძაღლების სამარხთან დაკავშირებით აქტივისტები დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ, პეტიციას 3500-მდე ადამიანი აწერს ხელს

ლილოში ძაღლების სამარხთან დაკავშირებით აქტივისტები დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ, პეტიციას 3500-მდე ადამიანი აწერს ხელს

ტვ პირველმა კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და როგორ ყრიან მათ სპეციალურ ორმოებში. კადრების, მათი ავტორებისა და დაკვირვების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან დახოცილი ძაღლებით სავსე მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ღამეში ზოგჯერ ორ რეისს აკეთებს.

ამავე დროს, თვეებია ქუჩის ძაღლებზე მზრუნველი ადამიანები ამბობენ, რომ ვაქცინირებული, ჯანმრთელი და სპეციალური საჭდის მქონე ძაღლები მათი ჩვეული გარემოდან ქრებიან.

ტვ პირველის 31 ოქტომბრის „შაბათის ეთერში“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას სიუჟეტის გასვლამდე, ანონსის შემდეგ, ტერიტორიაზე ცხოველთა უფლებადამცველები გავიდნენ და იქ ნანახი კადრები თავადაც გაავრცელეს: ორმოები, რომლებიც დახოცილი ძაღლებითაა სავსე. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ძაღლების ნაწილი ძალადობით არის მოკლული.

ნანუკა ძირტკბილაშვილი ამბობს: „რატომ აქვთ სამარხებში ძაღლებს თვალები გადმოკარკლული, იცით? ლიკვიდაციის პროცედურას ორი „ადამიანი“ ასრულებს: ე.წ. ვეტერინარი და ე.წ. კინოლოგი. კინოლოგი ლასოთი (რკინის ტარიანი მარყუჟი) იჭერს ძაღლს, რომ გააჩეროს, ზოგჯერ ჰაერშიც წევს ხოლმე, რითაც ძაღლს ასფიქსია ემართება და ამ დროს მეორე ადგება ფეხებზე, ასე აჩერებს და ურტყამს ნემსს გულის კუნთში!“

1 ნოემბერს, 6:30-ზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა მოყვარულებისა და აქტივისტების აქციაა დაანონსებული. აქტივისტებმა პეტიციაც შეადგინეს, რომელსაც 1 ნოემბრის 15:00 საათისთვის 3500-მდე ადამიანი აწერდა ხელს.

პეტიციაში წერია: „მოვითხოვთ არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას, ყველა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პასუხისმგებელი პირების კანონით დადგენილი წესით დასჯას. დაგვიმტკიცეთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მომიტინგეების დასასჯელად არ არსებობს ამდენი სახელმწიფო სტრუქტურა!“

თბილისის მერია მომხდარს, გავრცელებულ კადრებსა და საზოგადოების რეაქციას „მიზანმიმართულ კამპანიას“ უწოდებს, რომელიც „გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და მთელი მერიის „საქმიანობის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას ისახავს მიზნად“. მერიის განცხადებაში უკანონო და სახიფათო ქმედებებადაა დასახელებული „სამარხების თვითნებური გახსნა, ცხოველთა ნეშტების ამოყრა, მათი გადაადგილება და მსგავსი ქმედებები“.

მერიის განმარტებით, ტელეკომპანია „პირველის“ ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად, მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. მერია წერს, რომ დედაქალაქის მასშტაბით წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.

მერიის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული „ვანდალური ქმედება“ და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებას ითხოვენ, არ აჰყვეს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ მიიღოს მონაწილეობა სახიფათო თვითნებურ ქმედებებში და დაეყრდნოს მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ