თბილისის მერია: ძაღლების სამარხი სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ცხოველებისთვისაა, მასობრივი ხოცვა სიცრუეა

თბილისის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ სიცრუეს უწოდებს. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებს.
მერიის თქმით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის კამპანია გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას შეიცავს. უწყების შეფასებით, დეზინფორმაციის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაცია და მისი რეპუტაციის შელახვა. მერია მიიჩნევს, რომ ვიდეომასალა და ზოგიერთი მოქალაქის თვითნებური ქმედებები თბილისის მერიის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას ისახავს მიზნად.
მერიის განმარტებით, ვიდეოში ასახული პროცესი კანონმდებლობით სრულად დაშვებულია. სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად, მათ შორის დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად დაღუპულებისა. დედაქალაქში წელიწადში ევთანაზიით ასობით, ბუნებრივი სიკვდილით კი ათასობით ცხოველი იღუპება.
უწყება აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სააგენტოს არასოდეს დაუმალავს, სააგენტოს საქმიანობისა და ცხოველთა მართვის პროცესების შესახებ მონაცემები საჯაროა და ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მერიის თქმით, ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები სამარხების გადამთხრელი პირებიც, რომლებსაც თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ სააგენტოს სერვისით საკუთარი გარდაცვლილი ცხოველების დასამარხად. მერია ცილისწამებას და სრულ ტყუილს უწოდებს მოსაზრებას, თითქოს სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული.
მერია მიიჩნევს, რომ სამარხების თვითნებური გახსნა, ნეშტების ამოყრა და გადაადგილება უკანონოა, არღვევს სანიტარიულ უსაფრთხოებას, ქმნის ბიოლოგიური დაბინძურების რისკს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აზიანებს გარემოს. მათ, ვინც სამარხების გათხრაში მონაწილეობდა, მერია სამედიცინო შემოწმების გავლას ურჩევს.
მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული „ვანდალური ქმედება“ და მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებას კი სთხოვს, თავი შეიკავოს სამარხების თვითნებური გახსნისგან, არ აჰყვეს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ მონაცემებს დაეყრდნოს.











