პოლიტიკა

გოგოლაშვილი: „დემოკრატები“ „ოცნებისთვის“ დიდი თავის ტკივილია, აშშ-სთან პოლიტიკის გაუარესება უნდა ველოდოთ

კახა გოგოლაშვილი - „დემოკრატები“ ძალიან დიდი თავის ტკივილია „ქართული ოცნებისთვის“ , უნდა ველოდოთ აშშ-სთან პოლიტიკის მხოლოდ გაუარესებას - რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშს და განცხადებებს, რომ შენიშვნე

ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების“ გამარჯვების შემდეგ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ გაუარესდება. მისი თქმით, „დემოკრატები“ „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი თავის ტკივილია. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდიაში“ გააკეთა.

გოგოლაშვილის შეფასებით, თუ „ქართულ ოცნებას“ აქამდე იმედი ჰქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპასთან დაპირისპირებული იყო და ამას გამოიყენებდა, „დემოკრატები“ ევროპელებთან ბევრად უკეთეს დამოკიდებულებაში არიან.

„ჩვენ ვიცით კარგად, რომ „რესპუბლიკელებთან“ დალაგების რაღაც შანსი კიდევ ჰქონდათ, კონკრეტულად MAGA-სთან, „რესპუბლიკელების“ ისეთ ნაწილთან, რომელთაც რუსეთთან ტრანზაქციული იდეები აწუხებთ. „დემოკრატები“ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თავის ტკივილია“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, „დემოკრატებისთვის“ მთავარი ლოზუნგი ღირებულებები და დემოკრატიის მხარდაჭერაა, ამიტომ მათგან საქართველოს მიმართ ბევრად დიდი კრიტიკა მოდიოდა. გოგოლაშვილი ამბობს, რომ „დემოკრატები“ ევროპის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებენ. მისი აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირისადმი სკეპტიკური განწყობის გამოყენება ახლა უკვე ვეღარ მოხდება, რადგან ადმინისტრაციას ძალა აღარ აქვს, „დემოკრატებს“ კი ზეწოლის შესაძლებლობა ეძლევათ.

გოგოლაშვილმა ისაუბრა ევროკომისიის გაფართოების ბოლო პაკეტზეც, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკრიტიკეს. მისი თქმით, ევროკომისია ანგარიშებს 35 წელია ამზადებს და აქამდე არავის დაუსვამს კითხვა, რამდენად სანდოა ეს ანგარიშები. ეს ტრადიცია 1993 წლიდან, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შემოღებიდან ჩამოყალიბდა.

გოგოლაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ჩვენ არ მივიღებთ შენიშვნებს და მივიღებთ მარტო იმას, რაც ჩვენ მოგვეწონება“, აბსოლუტურ ნონსენსად მიიჩნია. „არ მიიღებ და ნუ მიიღებ, უბრალოდ ვერ გაწევრიანდები ევროკავშირში“, - თქვა მან.

მკვლევარის თქმით, ევროკავშირი გაფართოებისას ქვეყანასთან მოლაპარაკებებს 35 თავად წარმართავს: განიხილავს შეფასებებს და იმას, რამდენად უახლოვდება კანდიდატის კანონმდებლობა, ინსტიტუციური სისტემა და პოლიტიკა ევროკავშირისას. ეს, მისი სიტყვებით, დემოკრატიული, მაგრამ კარგად გაწერილი და ხისტი პროცესია, რომელიც ქვეყნის სურვილით არ იცვლება. გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ევროკავშირის მოთხოვნები ღიაა და საიტზე ქვეყნდება.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ