პოლიტიკა

თბილისში ნეიტრალიტეტის ორდღიანი ფორუმი გაიხსნა, შაქარიშვილი: ევროატლანტიზმი დიდი საფრთხეა საქართველოსთვის

თბილისში ნეიტრალიტეტის ორდღიანი ფორუმი გაიხსნა, შაქარიშვილი: ევროატლანტიზმი დიდი საფრთხეა საქართველოსთვის

თბილისში ნეიტრალიტეტის ორდღიანი ფორუმი 5 ნოემბერს გაიხსნა. მის ორგანიზატორებად ვატო შაქარიშვილის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და საერთაშორისო პლატფორმა „ნეიტრალიტეტის კვლევები“ (Neutrality Studies) სახელდებიან. პლატფორმა სახელმწიფოთა ნეიტრალიტეტის, მიუმხრობლობის, დიპლომატიისა და მულტიპოლარული საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზს ეძღვნება.

ფორუმის აღწერაში ნათქვამია, რომ ეს არის „სამხრეთ კავკასიაში ნეიტრალიტეტის პერსპექტივების, რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ პრაქტიკულად ორიენტირებული კვლევითი კონფერენცია საერთაშორისო ნეიტრალიტეტის მკვლევარებისა და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსების მონაწილეობით“.

ფორუმს 14 სპიკერი ჰყავს, მათ შორის Neutrality Studies-ის ხელმძღვანელი პასკალ ლოტაზი. ის საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს და მისი პოზიციები ხშირად თანხვედრაშია მოსკოვის სტრატეგიულ მიზნებთან. 2026 წლის 13 ოქტომბრის სტატიაში „ქართული ნეიტრალიტეტი: შანსი რუსეთისა და უკრაინისთვის“ ლოტაზი ამტკიცებს, რომ ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების სტრუქტურებს მიღმა მყოფი ნეიტრალური საქართველო რეგიონულ სტაბილურობას შეუწყობს ხელს და რუსეთის გამოცხადებულ უსაფრთხოების მიზნებს დააკმაყოფილებს.

ფორუმზე ლოტაზიმ განაცხადა: „რასაც ვაკვირდებით ევროპაში, ეს არის: ბლოკის წევრები ამბობენ, რომ რუსეთი უნდა დავამარცხოთ. ვინც ამ პროცესში არ ჩაება, ისინი ჩვენს მხარეს არ იჭერენ. შესაბამისად ისინი ქვეყნებს აიძულებენ, არ იყვნენ ნეიტრალურები. ამდენად, ამ მოცემულობაში, დაინტერესებული ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებს და მხარეებს პრორუსულს უწოდებენ, ეს ბუნებრივია“.

ფორუმის კიდევ ერთი მონაწილეა თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი მოჰამად მარანდი, რომელიც აშშ-ს პოლიტიკას ხშირად იმპერიულად ან იძულებითად წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ დასავლური ვერსიები ირანის ქმედებების შესახებ მცდარია. ქართველი მონაწილეები არიან პეტრე მამრაძე, ლევან ნიკოლეიშვილი, კონსტანტინე ჟღენტი და ლაშა კასრაძე.

ლაშა კასრაძემ, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ხშირი სტუმარია და ამ ტელეკომპანიაში წამყვანიც იყო, ხაზგასმით თქვა, რომ ნეიტრალიტეტი ინსტიტუციონალიზებულად უნდა იქცეს: „ნეიტრალიტეტი – რა თქმა უნდა თავის თავში მოიაზრებს საზოგადოებრივი განწყობის შექმნას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად პრაგმატული გახდეს. ნეიტრალიტეტი უფრო და უფრო ინსტიტუციონალიზებულად უნდა იქცეს“.

მონაწილეებს სიტყვით ვატო შაქარიშვილიც მიმართა. მისი თქმით, ძალთა ბალანსის დღევანდელ რეალობაში ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ყველაზე რეალისტურ და ოპტიმალურ გზად ყალიბდება. შაქარიშვილმა განაცხადა: „წარსულის გადმონაშთია და აბსოლუტური ილუზია, რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების შესაძლებლობას ქმნის. ევროატლანტიზმი დღეს უსაფრთხოების გარანტია კი არა, დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ