ნაციონალური მოძრაობა: ევროკომისიის ანგარიში ევროინტეგრაციის დე ფაქტო შეჩერებას აჩვენებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აჩვენებს: „ქართული ოცნების“ ავტორიტარულმა მმართველობამ და ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის მოშლამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ ქმედებები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების დადასტურებულ ღალატს წარმოადგენს.
ოპოზიციური პარტიის შეფასებით, ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო იმ უვიზო ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე ხშირად მიმართავენ.
ნაციონალური მოძრაობა წერს, რომ უვიზო მიმოსვლის საფუძველი დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებია, რომლებიც, მათივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და აკადემიური ინსტიტუტების რეპრესიით, ასევე პოლიტიკოსებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობით მოშალა. პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყანა რუსეთის „უკანა ეზოდ“ იქცა და რუსეთის სპეცსამსახურებმა იგი ევროკავშირში შესაღწევად შეიძლება გამოიყენონ.
განცხადებაში მითითებულია, რომ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან 2026 წლის 11 ივნისს გამართულ სავიზო დიალოგს პროგრესი არ მოჰყოლია იმ საკითხებში, რომლებიც კომისიის შეშფოთებას იწვევს.
ნაციონალური მოძრაობა ყურადღებას ამახვილებს ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებაზეც: სასამართლოები მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიული ზომებისთვის გამოიყენება, ხოლო საპროტესტო აქციებზე გადამეტებული ძალის გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებები გამოუძიებელი რჩება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმრობის მაღალი მაჩვენებელია და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისას წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებულად და გაუმართლებლად გამოიყენება.
პარტია აცხადებს, რომ ბრძოლას „ქართული ოცნების“ კორუფციული, ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ განაგრძობს და დარწმუნებულია, რომ საქართველო სუვერენიტეტს დაიბრუნებს და დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება.











