პოლიტიკა

ლორთქიფანიძე: „ოცნება“ სხვაა და ქართველი ხალხი სხვა, მათ შორის დიდი მიჯნაა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლებას აქ ლობიო ვერ დაუთესია და ტრილიონიანი ეკონომიკის პოლონეთს დასცინის, „ოცნება“ სხვაა და ქართველი ხალხი სხვა, მათ შორის დიდი მიჯნაა - ადამიანები ასჯერ ფიქრობენ, რას დაწერ

პოლიტოლოგი და „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართ აგდებულად იქცევიან. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ გააკეთა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკას გამოეხმაურა.

ლორთქიფანიძის თქმით, დღეს განსაკუთრებით აგდებულად მოიხსენიეს პოლონეთი. „გერმანიას შეაჩვიეს ენა, საფრანგეთს შეაჩვიეს ენა, მაგრამ პოლონეთი, რომელიც ამ კომუნისტური ბანაკის წევრი იყო, დღეს არის ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა“, - თქვა მან. პოლიტოლოგის განმარტებით, პოლონეთი იმ ოც ქვეყანას შორისაა, რომელთაც ტრილიონიანი ეკონომიკა აქვთ, და ყველაფერს თავად აწარმოებს. ის აცხადებს, რომ ხელისუფლებას, რომელსაც აქ ლობიო ვერ მოუყვანია, კარტოფილი ვერ დაუთესია და უზბეკეთიდან ლობიოს ყიდულობს, პოლონეთის დაცინვა არ ეკადრება.

ლორთქიფანიძემ ევროკომისიის ანგარიშიც შეაფასა და უწოდა ობიექტური, რომელიც აჩვენებს, როგორ ჩამორჩება საქართველო დემოკრატიის სტანდარტებს. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალი არაფერი გამჟღავნებულა, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობა არ სურს, ცდილობს იზოლაციას და ეძებს მიზეზს, რომ პიროვნულადაც და ინსტიტუციურადაც თავს დაესხას ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებს.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს „ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობაა, ტოლობის ნიშანი დასვას ქართველ ხალხსა და მთავრობას შორის. „„ქართული ოცნება“ სხვაა და ქართველი ხალხი სხვა არის. მათ შორის დიდი მიჯნა არსებობს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი ხელისუფლებას აკრიტიკებს და არა ხალხს.

ლორთქიფანიძემ ანგარიშში აღნიშნული პრობლემები ჩამოთვალა: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების გაუარესება, პარტიების აკრძალვა, კანონის არათანაბარი გავრცელება, თავისუფალი არჩევნების არარსებობა, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, სამოქალაქო საზოგადოებაზე რეპრესიები, კორუფცია და გამოხატვის თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხე. მისივე თქმით, სასამართლო ძველი კადრებითაა დაკომპლექტებული და წინა რეჟიმის მსახური მოსამართლეები ახალ რეჟიმს ემსახურებიან.

„ხალხი „ფეისბუქზე“ რას დაწერს, ასჯერ ფიქრობს, რომ მერე შალვა პაპუაშვილმა არ დააჭერინოს ის ადამიანი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მედია პოლარიზებულია.

დასკვნის სახით ლორთქიფანიძემ მოუწოდა საზოგადოებას, დაინახოს ევროკავშირის ნაკლიც, მაგრამ ისიც, რა ჩამორჩენა აქვს საქართველოს ევროკავშირის დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებთან, და „ქართული ოცნების“ პროპაგანდას გზა არ მისცეს.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ