თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა ნოემბერში ნივთიერებებზე დამოკიდებულებისას უფასო კონსულტაციას სთავაზობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე პირებს ნოემბერში უფასო პირველადი კონსულტაციის მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ უნივერსიტეტი იუწყება.
კონსულტაციის ფარგლებში სპეციალისტები პაციენტის მდგომარეობას შეაფასებენ, მკურნალობის ინდივიდუალურ საჭიროებებს განსაზღვრავენ და ინფორმაციას მიაწვდიან მკურნალობის შესაძლებლობებისა და სტაციონარული მკურნალობის დაგეგმვის შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინიციატივა კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. უფასო კონსულტაცია პაციენტებსა და მათ ახლობლებს პროფესიონალებისგან საჭირო ინფორმაციის მიღებისა და მკურნალობის შემდგომი ეტაპების დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს.
კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 09:00-დან 18:00 საათამდე. კლინიკა მდებარეობს თბილისში, ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა N17-ში, ტელეფონი: 032 250 02 32.
ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობა კლინიკაში ცალკე, სპეციალიზებული მიმართულებაა. ის რამდენიმე ტიპის მომსახურებას აერთიანებს, მათ შორის ნარკოლოგიურ დეტოქსიკაციას, დუალურ ნოზოლოგიას და რეაბილიტაციას. მკურნალობა პერსონალიზებული, მულტიდისციპლინური მოდელით მიმდინარეობს: თითოეული პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები მკურნალობის, რეაბილიტაციისა და შემდგომი მეთვალყურეობის პროცესში ერთად მუშაობენ.
კლინიკა პაციენტებს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მართვისა და მკურნალობის მრავალპროფილურ მომსახურებასაც სთავაზობს. მკურნალობის პროცესში მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე 100-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტია ჩართული.











