მსოფლიო

რუბიო ადმინისტრაციის დატოვების ცნობებზე: „რომელს?“

მარკო რუბიო - მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, თანაც, ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, ის სამსახურს დატოვებსო, მე კი ვეკითხები: „რომელს?“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს. მან უარი თქვა, ეპასუხა კითხვებზე თავისი პოლიტიკური მომავლის თაობაზე.

The New York Times-თან ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდში მისი ვადის ამოწურვამდე მუშაობა ყოველთვის შედიოდა მის გეგმებში.

თანამდებობის დატოვების განხილვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე რუბიომ თქვა: „გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“.

„მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, თანაც, ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, ის სამსახურს დატოვებსო. მე კი ვეკითხები: „რომელს?“ - განაცხადა რუბიომ.

რუბიო, რომელიც ტრამპის მრჩეველიც არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, არ გასცა პასუხი კითხვას, განიხილავს თუ არა 2028 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისივე სიტყვებით: „2028 წელზე, უბრალოდ, აღარ ვისაუბრებ“.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი „დიდ პატივისცემას იმსახურებს“ იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც, რუბიოს აზრით, აუცილებელი იყო მაშინაც, თუ ამომრჩევლებში პოპულარული არ იყო.

„საბოლოო ჯამში, ლიდერობის ფასი სწორედ ეს არის - მზადყოფნა, გააკეთო ისეთი რამ, რაც, შესაძლოა, პოლიტიკურად პოპულარული ან ხელსაყრელი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია შენი ქვეყნისა და მისი გრძელვადიანი მომავლისთვის“, - განაცხადა რუბიომ.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ