საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 5 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ. ინფორმაციით, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა.
სამი ძმიდან გადარჩენილი ელმან უსუფოვის თქმით, დაახლოებით 17:00 საათზე ორ ძმასთან და კლასელთან ერთად ფეხით მიდიოდა, როცა მანქანა გაჩერდა და მათ მისამართით სროლა დაიწყო. უსუფოვი ამბობს, რომ თავად მანქანას მოეფარა, მისი ძმები კი ადგილზე მოკლეს.
„4 ვიყავით - სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა“, - განაცხადა ელმან უსუფოვმა.











