გვარამია: კოხტაშვილს არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ აეკრძალა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა, რომ ის საზოგადოებრივი ავტორიტეტია. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო „გაუჩალიჩეს დანაშაული“.
გვარამიას განცხადებით, ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, ფრთხილად უნდა იყოს, თუნდაც პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირში არ იყოს.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ოდესმე მაინც დაკავშირებულ ყველა ადამიანზე კანონით იგივე აკრძალვა შემოიღეს. გვარამია ამბობს, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას დაკავშირებულ პირებიანად კრძალავენ, რაც პრაქტიკულად ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც მოიცავს, აქტივისტებზე, მხარდამჭერებზე და შემომწირველებზე რომ არაფერი ვთქვათ.
გვარამია მიუთითებს რამდენიმე დღის წინ შემოტანილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებითაც, მისი შეფასებით, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შინაარსობრივი გასაჩივრება ეფექტურად იკრძალება და მხოლოდ ტექნიკური მხარე რჩება.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ყველა კომისია მმართველი გუნდისაა, ფული მხოლოდ მათ აქვთ, ოპოზიციური ტელევიზიები ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, სუსი, ქუჩა და პოლიცია ოპოზიციისა და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მუშაობს, ქვეყანაში კი ათობით პოლიტპატიმარია.
გვარამია სვამს შეკითხვას მათ მიმართ, ვინც ამტკიცებს, რომ „ბიძინამ არჩევნები რომ დანიშნოს, კონსტიტუციური უმრავლესობით ისე მოიგებს, გაყალბება არ დასჭირდება“, რომ „ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისი არაა“, „პროტესტი არაფრის მომტანი არაა“ და „პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ქოცებს აწყობდათ“: „თქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი?“
სტატიაში მოხსენიებული პირები











