პოლიტიკა

შარაშიძე: „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და 78-ე მუხლის ამოღება აქვს დაგეგმილი

გიორგი შარაშიძე - „ოცნებას” მეტი ბოროტება აქვს დაგეგმილი, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, მიიღოს სრული უმრავლესობა და გააკეთოს ის, რაც ჯერ ვერ შეძლო - ამოიღოს 78-ე მუხლი, დაიკანონოს აბსოლუტური ძალაუფლებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება, საარჩევნო კანონპროექტის სწრაფად მიღება და სხვა პროცესები მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და სრული უმრავლესობის მიღება აქვს დაგეგმილი. მისი თქმით, ამაში პარტიას საკუთარი „ხელოვნური ოპოზიციაც“ დაეხმარება. შარაშიძემ ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, „ოცნება“ ცდილობს, რაც აქამდე ვერ შეძლო, მაგალითად, კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოღება, და „შეუზღუდავი, უკონტროლო, აბსოლუტური ძალაუფლება“ დაიკანონოს. შარაშიძე აღნიშნავს, რომ „ოცნება“ ისეთი არჩევნების ჩასატარებლად ემზადება, სადაც ყველანაირი ფორმალური მხარე და საკანონმდებლო ბაზა მასზე იქნება მორგებული. ამ პროცესებს შორის მან ექიმ მაია კოხტაშვილისთვის მომდევნო ხუთი წლით საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აკრძალვაც დაასახელა.

შარაშიძემ ევროკომისიის ანგარიშზე „ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პაპუაშვილისა და კობახიძის განცხადებები ადასტურებს, რომ „ოცნებას“ ევროპულ გზაზე დაბრუნება არ სურს. შარაშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საკუთარ ამომრჩეველს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის ფონს უქმნის, ამავე დროს კი ევროკავშირს თავს ესხმის და ბოლო წლებში თავისივე დანაშაულში მას ადანაშაულებს.

დეპუტატის თქმით, ამ ქმედებების გასამართლებლად ხელისუფლებისთვის ერთადერთი გზა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაქსიმალური პოლარიზაციაა. მისი შეფასებით, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის შესახებ თემა „მდარე პროპაგანდისტული კამპანიაა“, რომლის მიზანი ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა.

ოპოზიციონერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლაც შეაფასა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე. შარაშიძის თქმით, კობახიძე და „ოცნების“ სხვა წევრები ჟურნალისტებთან მონოლოგის რეჟიმში საუბარს არიან მიჩვეულები, ევროპელ მოდერატორთან დებატებმა კი ისინი გააღიზიანა, რასაც ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერი თავდასხმები მოჰყვა. მისი თქმით, კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემის უნარი კობახიძეს არ აქვს.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ