კონფლიქტები

ზელენსკი: რუსეთმა კვირაში 1 940 დრონი და 44 რაკეტა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 1 940 დრონი, 1 580-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტა გამოიყენა. მათ შორის 36 ბალისტიკური რაკეტაა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის თქმით, დარტყმების ინტენსივობა უკიდურესად მაღალია და რუსები ცდილობენ, ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები საშუალებების დეფიციტი მაქსიმალურად გამოიყენონ.

პრეზიდენტის განცხადებით, წუხელ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ოთხ რეგიონში, დნიპროში, ვინიცაში, ჟიტომირსა და ხმელნიცკიში, შეუტია. სამიზნე ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და ელექტროგადამცემი ხაზები იყო. ამ დროისთვის ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ზელენსკი წერს: „ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ, ევროპელ და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ, Patriot-ის ტიპის რაკეტების საჭიროებასთან დაკავშირებით. მიმდინარე თვეში აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. თუმცა, ამ დახმარების მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდეს. რუსეთი სწორედ ახლა ანადგურებს ინფრასტრუქტურას და ხოცავს ჩვენს ხალხს; ამ ზამთარს კი ის, ძირითადად, ბალისტიკურ რაკეტებზე ამყარებს იმედებს. შესაბამისად, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის ცის დაცვას უჭერს მხარს“.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ