მსოფლიო

საფრანგეთში აქციებზე 565 ადამიანი დააკავეს, პარიზში პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ მოხვდა

საფრანგეთში პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს კიდევ 565 ადამიანი დააკავა

პარიზში, მარსელსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში შაბათს გამართული საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 565 ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გამართულმა დაახლოებით 150-მა აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა აქციების დასასრულს პოლიცია ზოგიერთი მონაწილის მხრიდან უჩვეულოდ მაღალი დონის ძალადობის წინაშე აღმოჩნდა.

მისი თქმით, პარიზში არეულობის ჩახშობაზე პასუხისმგებელ ერთ-ერთ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ მოხვდა. მინისტრმა მომხდარი მკვლელობის მცდელობად შეაფასა. პარიზში დაშავდა პოლიციის ოთხი თანამშრომელი და ერთი ჟანდარმი.

უწყების მონაცემებით, აქციებში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 320 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 70 000 პარიზში შეიკრიბა. მათ ქალაქის ცენტრი მოერიდნენ და მსვლელობა სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნების ბულვარების გასწვრივ გამართეს.

კვირის დასაწყისში ნუნიესმა განაცხადა, რომ აქციებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი, მათ შორის ელიტური დანაყოფები, განლაგდებოდა.

საფრანგეთში შაბათს საპროტესტო აქციების მესამე ტალღა გაიმართა. მონაწილეები ცხოვრების ხარჯების ზრდასა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაუარესებას აპროტესტებდნენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ