მსოფლიო

ზელენსკი და ერდოღანი „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანზე“ მუშაობაზე შეთანხმდნენ

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა „მნიშვნელოვანი და შინაარსიანი“ უწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკის თქმით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

„პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად განვიხილეთ ახალი იდეები და წინადადებები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მათ შორისაა სასურსათო უსაფრთხოება; პრეზიდენტ ერდოღანთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანზე“, რათა უზრუნველვყოთ მისი არსებობა და ეფექტიანი ფუნქციონირება“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც უკრაინულ და თურქულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს ახალი ერთობლივი სამრეწველო და სხვა ეკონომიკური პროექტების მომზადება, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში კი მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. მან თურქული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვედრა და თქვა, რომ მომავალი კვირიდან გენერატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მოწოდების ზრდას ელოდება.

ერდოღანის განცხადებით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული, ბოლო პერიოდში გააქტიურებული ძალისხმევა და უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში.

„მივესალმებით იმას, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულების ინიციატივებმა - განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის ძალისხმევით - ახალი იმპულსი მიიღო. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა გაიკვალოს“, - წერს ერდოღანი.

მისი თქმით, ბოლო დროს მომხდარი ესკალაციის პარალელურად, კონფლიქტები შავ ზღვაზეც ვრცელდება.

„ცხადია, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ისეთი ქმედებები, რომლებიც შავ ზღვაში დაძაბულობას გაზრდის, არავისთვის იქნება სასარგებლო. ვერანაირად ვერ მივიღებთ ამ თავდასხმებს, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მომდინარეობენ ისინი ან რით ცდილობენ მათ გამართლებას. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით. გავაგრძელებთ მხარეებთან დისკუსიებს შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის მიზნით“, - აცხადებს ერდოღანი.

მისი ინფორმაციით, თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ