სიკორსკი: საკონსტიტუციო ტრიბუნალთან მოვლენების ალტერნატივა საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების ალტერნატივა პოლონეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნა იყო.
სიკორსკიმ X-ზე დაწერა: „გუშინ ღამით ვარშავაში, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენები დახვეწილობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ალტერნატივა პოლონეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად არაკონსტიტუციური გარდაქმნის დაშვება იყო“. მისივე თქმით, „პოლონეთს კვლავ პარლამენტის მიერ არჩეული კოალიციური მთავრობა მართავს“.
პარასკევს საღამოს ტრიბუნალის შენობასთან სამართალდამცავები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა. ბრძანებით ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკის და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.
მოგვიანებით X-ზე ტრიბუნალის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.
პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის საპროტესტო აქცია ტრიბუნალის შენობასთან მთელი ღამე გაგრძელდა. მოგვიანებით ვითარება კვლავ დაიძაბა, როცა ადგილზე პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მივიდა და შენობაში შესვლა სცადა.











