ზახაროვი სომხეთისგან შირაქის გუბერნატორის „ივანებზე“ განცხადებაზე რეაქციას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის ხელისუფლებისგან შირაქის ოლქის გუბერნატორის, დავით არუშანიანის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ არუშანიანის გამონათქვამებს „უხეში და ნეონაცისტური“ უწოდა. საუბარია გუბერნატორის განცხადებაზე, რომელშიც მან ოპოზიციური მოძრაობის „ძლიერი სომხეთის“ მიერ გიუმრის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს „მორიგი პოლიტიკური წარმოდგენა“ უწოდა. არუშანიანის თქმით, გიუმრი რუსული პროვინცია არ არის და მისი მცხოვრებლები „ივანები“ არ არიან.
„ასეთ აშკარად უხეშ და ნეონაცისტურ მოწოდებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც ერთ თავმოყვარე საზოგადოებაში, მით უმეტეს სომხურში, რომელიც ასე ფაქიზად ეკიდება ისტორიისა და საკუთარი წარსულის საკითხებს. ველოდებით სომხეთის ხელისუფლების შესაბამის და მკაფიო რეაქციას“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, არუშანიანის განცხადება შეურაცხმყოფელია სომეხი ხალხისთვისაც, რომლის წარმომადგენლებს შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის მარშალი ივან ბაგრამიანი და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებმაც თავად აირჩიეს რუსული სახელი.
ზახაროვამ რამდენიმე მათგანი ჩამოთვალა: ადმირალი ივან ისაკოვი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ივან ტევოსიანი, მხატვარი ივან აივაზოვსკი, იუველირი ივან ლაზარევი და საბჭოთა დაზვერვის წარმომადგენელი ივან აღაიანცი. მისივე მტკიცებით, საბჭოთა არმიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ეთნიკური სომეხი მსახურობდა.











