ისრაელის არჩევნების საბოლოო შედეგი: ნეთანიაჰუს ბლოკს 53 მანდატი აქვს, აიზენკოტის ბლოკს — 49

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკს 53 მანდატი აქვს, გადი აიზენკოტის ბლოკს — 49, არაბულ ფრაქციებს კი — 19. ნეთანიაჰუს მომხრე ბლოკში შემავალ პარტიებს, რომლებიც ამჟამინდელ მთავრობას ქმნიან, მოქმედ ქნესეთში 68 მანდატი ჰქონდათ.
სრული ოფიციალური შედეგები პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ოთხშაბათს წარედგინება, მას შემდეგ, რაც კომისია ხარვეზებთან ან საჩივრებთან დაკავშირებულ საბოლოო მოკვლევებს დაასრულებს. შემდეგ ჰერცოგი თითოეული პარტიის ლიდერს შეხვდება. ისინი მას იმ კანდიდატზე წარუდგენენ რეკომენდაციას, რომელმაც, მათი აზრით, მომავალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.
ჰერცოგმა პარტიების ლიდერებს მოუწოდა, არჩევნების კიდევ ერთი რაუნდის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთონ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ არჩევნების კიდევ ერთი რაუნდი. ამიტომ, ველოდები, რომ ყველა, ვინც აქ მოვა, მზად იქნება კონსტრუქციული დიალოგისთვის“, — განაცხადა ჰერცოგმა.











