ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი: ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ უბიძგებს

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი გმობს „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს. ეს კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
კომიტეტის თქმით, ეს ხდება 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების, რეპრესიული კანონების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვების შემდეგ არსებული გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისისა და პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის ფონზე.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. სამიზნე პარტიები ამას უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
განცხადებაში ვკითხულობთ: „ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ. ევროპულმა ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას და გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ამგვარი ქმედებები შეჩერდეს. ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დაცული უნდა იქნას. პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და დამოუკიდებელ ხმებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად იმოქმედონ დაშინების შიშის გარეშე“.











