ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაციის შედეგები საზოგადოებას წარუდგინეს

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საზოგადოებას ხულუტის ციხე-დარბაზის მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად განახლებულ ისტორიულ სივრცეებს გააცნო. ღონისძიება ციხე-დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად საუკუნეებს გამოვლილი ძეგლი პირვანდელ ისტორიულ იერსახეს იბრუნებს. განახლდა რეზერვუარი, დაცული მარანი და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, რაც ძეგლის განვითარების ახალ ეტაპს ქმნის. ციხე-დარბაზი კვლავ მზადაა, ვიზიტორები მიიღოს.
ღონისძიებაზე მსახიობმა ზვიად დოლიძემ სტუმრებს ლადო ასათიანის ლექსები წაუკითხა, ხოლო საქართველოს ჰიმნის ფონზე ციხე-დარბაზის კედლებზე საქართველოს დროშის ფერები გადმოიფინა.
ზვიად დოლიძის თქმით, „ეს იყო მომენტი, რომელმაც მთელი სიმაგრე მოიცვა და თითქოს რეალურად გააცოცხლა მე-17 საუკუნის ისტორია. ხმლების ჟრიალმა, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის ავთენტურმა შესამოსელმა და სანახაობამ სტუმრები წარსულში გადაიყვანა — თითქოს ყველამ ერთად ვიმოგზაურეთ საუკუნეების მიღმა“.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტივისტების ინიციატივით 2021-2023 წლებში დაიწყო. რესტავრაციას წინ უძღოდა მოსამზადებელი ეტაპი: ძეგლის სკანირება, გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევები. სივრცე ხე-მცენარეებისგან გაიწმინდა, ციხე-დარბაზამდე კი უსაფრთხო და კომფორტული ბილიკი მოეწყო, რამაც ძეგლის დათვალიერება გაამარტივა.
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ ღონისძიებაზე თქვა: „კულტურული მემკვიდრეობით არა მხოლოდ უნდა ვამაყობდეთ, ის უნდა გვიყვარდეს კიდეც და ვპატრონობდეთ! დღეს ჩვენ ყველა ერთად, ხულუტის ახალ ისტორიას ვწერთ“.
მისივე თქმით, ორგანიზაციის მთავარი მიზანია, კულტურულ ძეგლებს არა მხოლოდ პირვანდელი სახე დაუბრუნოს, არამედ ისინი ქვეყნის ცოცხალ ისტორიულ და ტურისტულ რუკაზე დააბრუნოს. ბურჭულაძის განცხადებით, ხულუტის ციხე-დარბაზი საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმრისთვის აუცილებლად სანახავი და საამაყო სივრცე უნდა გახდეს.



