პოლიტიკა

გეგელია გორდულაძეს: სუს-ი ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის სხვა მაღალ იერარქებს

გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებაზე“ - ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის სხვადასხვა მაღალ იერარქს - რეჟიმს თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს უპასუხა. გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ „აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა“, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს. მისივე თქმით, „აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება“.

გეგელიას თქმით, ეს არის რეჟიმი, რომელიც ილია II-საც უსმენდა, არათუ ეკლესიის სხვადასხვა მაღალ იერარქს. პოლიტიკოსმა სუს-ის თანამშრომლის, აკაკი ნემსაძის მიერ გაჟონილი ფაილებიდან ორი ამონარიდი გამოაქვეყნა, რომლებიც ილია II-ს ეხება.

პირველი ამონარიდის მიხედვით, 2019 წლის 25 სექტემბერს მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებული საპატრიარქო რეზიდენციიდან ილია II დაუკავშირდა დას, მონაზონ ნატალია შიოშვილს. მან აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახა და სასწრაფოდ შეემოწმებინა საპატრიარქოში არსებული მისი პირადი სეიფი. მოგვიანებით შიოშვილმა უწმინდესს უთხრა, რომ სეიფს დაზიანება არ აღენიშნებოდა. ჩანაწერში დამატებულია შენიშვნა, რომ საეკლესიო კანონიკის მიხედვით, პატრიარქები პირად სეიფში ინახავენ ანდერძს, რომელიც მათი გარდაცვალების შემდეგ იხსნება.

მეორე ჩანაწერი 2020 წლის 18 აპრილს თარიღდება. ილია II-ს დაუკავშირდა და, მონაზონი ნატალია ღუდუშაური, და ჰკითხა, რატომ არ რეკავდნენ საეკლესიო ზარებს და ხომ არ იყო რაიმე პრობლემა. ილია II-მ უპასუხა, რომ ზარები ჩვეულებრივად უნდა დარეკილიყო და ამაზე ნერვიულობა საჭირო არ იყო.

გეგელიას განცხადებით, ასეთი ჩანაწერები ბევრია. მისი თქმით, მოსმენის ფაქტს თავად სასულიერო პირებიც ადასტურებენ, რომლებმაც საკუთარი საუბრების ავთენტურობა ამოიცნეს. საპატრიარქოს სახელით შესაძლო მიყურადების გამოძიებას პრესსპიკერი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ითხოვდა.

გეგელია წერს: „ეს არის რეჟიმი, რომელსაც თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება, რის გამოც მოაწყო ე.წ. ციანიდის საქმე, რადგანაც ივანიშვილის მიზანი იყო ძალაუფლების ყველა კერის დასუსტება და მოსპობა: ეკლესიის, სამოქალაქო საზოგადოების თუ პოლიტიკური პარტიების“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ