სომეხი მაღალჩინოსნების სახელით სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები შეიქმნა, ცენტრალური ბანკი თაღლითურ დოკუმენტებზე აფრთხილებს

სომხეთის რამდენიმე მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში მათი სახელებისა და ფოტოების გამოყენებით ყალბი ანგარიშები შეიქმნა. ცალკე გაფრთხილება გაავრცელა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმაც: მისი თქმით, ბანკის სახელით ყალბი დოკუმენტები ვრცელდება.
28 ოქტომბრიდან ყალბი ანგარიშები შეიქმნა პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანის, ერევნის მერი ტიგრან ავინიანის, განათლების მინისტრ ჟანა ანდრეასიანის, გარემოს დაცვის მინისტრ ჰამბარძუმ მატევოსიანის, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანისა და ადამიანის უფლებათა დამცველ ანაჰიტ მანასიანის სახელით. სომხეთის მაღალჩინოსნები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მსგავსი თავდასხმების სამიზნეები ადრეც გამხდარან, ბოლო ტალღა კი 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში დაფიქსირდა.
თანამდებობის პირებმა და მათმა პრესსპიკერებმა მოქალაქეებს, თანამშრომლებსა და შესაბამისი უწყებების პარტნიორებს მოუწოდეს, უგულებელყონ ამ ანგარიშებიდან გაგზავნილი შეტყობინებები, არ გააზიარონ პირადი ან სამსახურებრივი ინფორმაცია და არ განახორციელონ ფულადი გადარიცხვები. ისინი ასევე ითხოვენ, რომ ანგარიშები დაიბლოკოს და პლატფორმებს მათ შესახებ შეატყობინონ.
ცენტრალურმა ბანკმა თაღლითური დოკუმენტების მაგალითები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როცა თაღლითები მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ყალბი მინდობილობების, ცნობებისა თუ სხვა დოკუმენტების წარდგენით ცდილობენ, თითქოს ისინი ბანკს გაუცია. „ამ მეთოდის გამოყენებით თაღლითები ცდილობენ, მოქალაქეების სახელით სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციისგან სესხები მიიღონ ან სხვა თაღლითური ოპერაციები განახორციელონ“, – განაცხადა ბანკმა.
სომხეთის ხელისუფლებას თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კიბერუსაფრთხოების ორგანიზაცია CyberHub-ის თანადამფუძნებელმა არტურ პაპიანმა OC Media-სთან განაცხადა, რომ შემთხვევითობად არ მიაჩნია ის, რომ მთავრობის კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლები ერთსა და იმავე პერიოდში გახდნენ სამიზნეები. „ჩემი აზრით, ეს აშკარად უკავშირდება საზოგადოების ნდობის შერყევის მცდელობებს. ადამიანები იწყებენ ეჭვის შეტანას იმაში, არის თუ არა თანამდებობის პირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ნამდვილი თუ ყალბი და მართლაც ამ ადამიანმა გამოაქვეყნა ის თუ არა“, – თქვა მან.
პაპიანის თქმით, 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე CyberHub-მა რამდენიმე პლატფორმაზე, განსაკუთრებით WhatsApp-სა და Facebook-ზე, სხვა პირების სახელით მოქმედების არაერთი მცდელობა დააფიქსირა. Facebook კვლავ მთავრობის შიდა და საჯარო კომუნიკაციის ძირითადი პლატფორმაა. იმ პერიოდში დაფიქსირებული ტექსტური შეტყობინებები, როგორც ჩანდა, Google Translate-ის ან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო ნათარგმნი, ზოგ ტექსტში კი რუსული სიტყვებიც იყო დარჩენილი.
პაპიანმა გააფრთხილა, რომ ეს გარემოება არ კმარა იმის დასკვნისთვის, რომ თავდასხმების უკან რუსეთი დგას, რადგან რუსული ენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. მისი ვარაუდით, ქმედებები სავარაუდოდ სომხეთის კონტექსტის გარკვეული ცოდნის მქონე ადამიანებმა მოაწყვეს და შესაძლოა აზერბაიჯანიდან ან რუსეთიდან მომდინარე „ჰიბრიდული თავდასხმების“ ნაწილი ყოფილიყო.
„როგორც ჩანს, მიზანი ადამიანების დაშინება და მათი რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში ჩართვა. ეს ძალიან ჰგავდა ჯაშუშური ქსელის ჩამოყალიბების მცდელობას“, – განაცხადა პაპიანმა. მისივე თქმით, ამჟამად საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს იმის დასადგენად, ვინ დგას ბოლო შემთხვევების უკან და რა იყო მოტივი. მას ეჭვი აქვს, რომ Meta-სთვის მიმართვით სასარგებლო ინფორმაციის მიღება მოხერხდება.
„შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს ბოლო შემთხვევა წინა თავდასხმებს ჰგავს? დიახ, ბევრი თვალსაზრისით, რადგან, როგორც ჩანს, დამნაშავეები ადგილობრივ კონტექსტს იცნობენ, მომხმარებლების ანგარიშებიდან პროფილის ფოტოებს იწერენ და ასე შემდეგ. თუმცა, ვარაუდების ფარგლებს მიღმა უფრო შორს წასვლა სახიფათო შეიძლება იყოს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში, რადგან დასკვნების გამოტანას ფაქტებზე დაყრდნობით ვცდილობთ“, – დასძინა პაპიანმა.











