კობახიძე და ასადოვი ეკონომიკური თანამშრომლობის და შუა დერეფნის პერსპექტივებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
მათ განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ამ ფორმატის განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, რასაც ექსპორტ-იმპორტის მზარდი მონაცემებიც ადასტურებს. საუბარი შეეხო საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში აქტიურ თანამშრომლობასაც.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკულ მიმართულებაში წარმატებულ პარტნიორობაზე, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის პერსპექტივები და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებაში.











