სამადაშვილი: ერთადერთი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარია საპატიმროდან გათავისუფლდეს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან დღეს ერთადერთი მოთხოვნა აქვს და მიაჩნია, რომ ეს მოთხოვნა საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს: ელენე ხოშტარიას საპატიმროდან გათავისუფლება.
სამადაშვილის თქმით, ხოშტარიას „მოგონილი ბრალდებით და აბსურდული ბრალის შედეგად მისჯილი სასჯელის ნახევარზე მეტი აქვს მოხდილი და არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს იმისა, რომ ის დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული საპატიმროდან“.
მისივე განცხადებით, ხოშტარიას დაპატიმრება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ბოლო წლებში ჩადენილ დანაშაულთა გრძელ ჩამონათვალში ერთ-ერთი გამორჩეული საქმე იქნება, რომელზეც რეჟიმს ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.
სამადაშვილმა თქვა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხოშტარიას მძიმე მდგომარეობაა: „როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობა არის ძალიან მძიმედ დაზიანებული და ჩვენ ვიხილეთ სრულიად შემზარავი სურათი, როგორ გამოიყურება ის და როგორ უწევს ეტლით გადაადგილება“.











