სალია: დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა, მასთან სხვა პირები შეასახლეს

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ ყოფილა. წამყვანის კითხვაზე, მოხდა თუ არა მასთან სხვა პირების შესახლება, სალიამ უპასუხა: „დიახ".
იმ კითხვაზე, იყვნენ თუ არა ეს ვატო ყიფიანი და მისი თანმხლები პირები, მინისტრმა თქვა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
სალიას თქმით: „ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში. გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები".
დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ", ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადეს. პენიტენციური სამსახური ამას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის დღემდე მკურნალობს.
გამოძიება თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, შემდეგ კი საქმე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შესჩერებოდა, პატარიძემ თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.











