ნადარაია გვარამიას: მოსამართლეთა კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ამბობს, რომ მოსამართლეთა კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ეს მან 29 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას უთხრა. სასამართლო 88 დეპუტატის სარჩელს განიხილავს.
გვარამიამ ახსნა-განმარტება სხდომაზე წარმოადგინა და ახსენა „ქართული ქარტია“, რომელიც 2024 წელს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო. სარჩელში ქარტია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლადაა მოყვანილი: სარჩელის ავტორები ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია თანამშრომლობდა, რაც აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. გვარამიამ ისაუბრა მოსამართლეთა ვეტინგზე, ანუ კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რომელიც ქარტიითაც იყო მოთხოვნილი. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამასაც ასახელებს აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად.
გვარამიამ განმარტა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და წარმომავლობის შემოწმების შეთავაზება სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუქმებას არ ნიშნავს. მისი თქმით, ქარტია სასამართლო რეფორმას პოლიტიკური თანამშრომლობის ფარგლებში ითვალისწინებდა და ეს საკითხი სარჩელში დამოუკიდებელ ბრალდებად არ ყოფილა ჩამოყალიბებული. ქარტიის ხელმომწერები ამომრჩეველს ცვლილებების პროგრამას სთავაზობდნენ, რომლის განხორციელებაც კონსტიტუციურ და საკანონმდებლო პროცედურებს მოითხოვდა.
მან აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას ალბანეთისა და მოლდოვის შემთხვევებში მოსამართლეთა შემოწმების მსგავსი მექანიზმები შესაბამისი გარანტიებით აქვს განხილული. გვარამიამ ევროკავშირის რეკომენდაციით შექმნილ ვეტინგის პროცედურებზეც მიუთითა.
გვარამიას თქმით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, ქარტიის რომელი კონკრეტული დებულება ითვალისწინებს სასამართლოს პოლიტიკურ დაკნინებას. მისივე თქმით, თუ სასამართლო შემოთავაზებულ მოდელს კონსტიტუციასთან შეუთავსებლად მიიჩნევს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს პარტიის აკრძალვის საფუძვლის არსებობას, რადგან პარტიას შეუძლია კანონიერ და დემოკრატიულ საშუალებებზე დაყრდნობით კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ცვლილებისკენ მოუწოდოს საზოგადოებას. ამ კონტექსტში მან ბიძინა ივანიშვილის დაპირებაც გაიხსენა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პარტიების აკრძალვას შეეხებოდა.
ამ დროს ნადარაიამ გვარამიას შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ თუ მხარის პოზიცია იყო, თითქოს მოსამართლეთა ვეტინგის მოთხოვნა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა, ამის დასაბუთება იყო საჭირო. ნადარაიამ ისიც აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას კონკრეტულ მოსამართლეებზე დაიწყო საუბარი. გვარამიამ უპასუხა, რომ კონკრეტული მოსამართლეების სახელებს არ ასახელებდა და არც აპირებდა. მისი თქმით, საუბარი ვეტინგის მიზანს ეხებოდა: დადგინდეს, არიან თუ არა სისტემაში ისეთი მოსამართლეები, რომელთა თანამდებობიდან გათავისუფლებაც შესაბამისი შემოწმების საფუძველზე იქნება საჭირო.
„ვეტინგის ამოცანა ის არის, რომ დაადგენს, თუ არიან ასეთი მოსამართლეები და თუ არიან, გაუშვას“, — თქვა გვარამიამ.
ნადარაიამ გვარამიას სასამართლო სისტემისთვის პატივისცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სისტემა როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოებს მოიცავს. მისი თქმით, გვარამიას პოზიცია ვეტინგთან დაკავშირებით გასაგებია, თუმცა სასამართლო სისტემის მოწყობაზე მისი მოსაზრებების განხილვა საქმის ფარგლებს სცდება.
„ნუ სცდებით იმას, რასაც ამბობთ. მე მოსამართლეთა კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს, საკითხს აყენებთ პროვოკაციულად და ნუ გასცდებით [თემას]. პირველ რიგში, სასამართლო სისტემას ეცით პატივი. სასამართლო სისტემა მოიცავს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე საერთო სასამართლოებს, ეცით ორივეს პატივი. გასაგებია თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვეტინგია თუ რაც არის, სასამართლო რეფორმის ის ფორმა, რაც ქარტიამ მოითხოვა, არ არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. თქვენ რა შეხედულებები გაქვთ სასამართლოს მოწყობაზე – ეს სხვაგან ილაპარკეთ“, – თქვა რევაზ ნადარაიამ.
გვარამიამ განმარტა, რომ მოსამართლეთა შემოწმების მექანიზმი კონკრეტული გვარების მიზანში ამოღებას არ გულისხმობს. მისი თქმით, ეს პროცედურა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზეც შესაძლებელია, თუმცა მის განსახორციელებლად, სავარაუდოდ, კონსტიტუციური ცვლილებები დასჭირდება.
„კონსტიტუციური პროცედურების გარეშე, ან საპარლამენტო საკანონმდებლო პროცედურების გარეშე ამის გაკეთებას ვერც და არც აპირებს არავინ“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება კანონითა და კონსტიტუციური პროცედურებით განსახორციელებელი სასამართლო რეფორმის შეთავაზება კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმად შეფასდეს.











